May B

19, 20 ოქტომბერი
 
ფესტივალის გახსნა
 
მაგი მარენის კომპანია (საფრანგეთი)
 
„MAY B” (შეიძლება)
 
 
რუსთაველის თეატრი. 20.00

alt
 
ქორეოგრაფი:  მაგი მარენი
მონაწილეობენ: ულისეს ალვარესი, ლუარა ფრიგატო, დალიფი კაუტსაფტი, იოანა მოლიგუ, ქესი პოლო, პიერ პონტვიანი, ენიო სამარკო, მარცელო სეპულვედა როსელი, ვერონიაკ ტიენდას 
 
„ეს გახლავთ უნიკალური ნაწარმოები, რომელსაც დრო და ასაკი არ გააჩნია! „May B“ ადამიანის უსუსურობაზე აბსურდის თეატრალურ ენაზე გვიამობს, რომელიც უკუღმართსა და მოძალადე დროსა და ვითარებაში გაჩნდა. აქ ცეკვის ძალა, მისი დიდებული შესაძლებლობით, წარმოგვიდგენს ჩვენი ყოფის იდუმალებას ქვეყნიერებაზე. „May B“ საუკუნოდ ამკვიდრებს მაგი მარენის როლსა და ადგილს საერთაშორისო სცენაზე“ - ჟან პოლ მანგანარო, პარიზის ლილ უნივერსიტეტის პროფესორი. 
 
 
«ბეკეტის გმირების დაკარგული სულები გვაოცებენ  ასეთი ფანტასტიური პატივის მიგებით მწერლის დრამატული ხედვისადმი“ ჯუდიტ მაქკრელი, The Guardian
 
 „MAY B” (შეიძლება) სულისშემძვრელი, ჭკვიანი და სასაცილო წარმოდგენაა, რომელიც ერთგვარ მიძღვნად შეიძლება ჩავთვალოთ დიდი ირლანდიელი მწერლის - სემუელ ბეკეტისადმი და უფრო მეტიც - „MAY B” საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული თანამედროვე ფრანგული ცეკვის განვითარების ისტორიაში. ფრანც შუბერტისა და გევინ ბრაიერსის მუსიკაში ჩაძირული თიხაში ამოთხვრილი ათი მოცეკვავის მოგზაურობა, თითქოს გაქცევაა მწარე სინამდვილისგან. დადგმაში გამოყენებულ ბრაიერსის 1971 წელს ჩაწერილ ინგლისურ ჰიმნს „იესოს სისხლს არასოდეს უღალატია ჩემთვის“  Jesus' Blood Never Failed Me Yet ლონდონის ხიდის ქვეშ უსახლკარო მაწანწალას ნამღერი სტანცები დაედო საფუძვლად. რომლის შინაარსი გახლავთ კიდევაც ქორეოგრაფის კარნახი, სად იყო დასასრულიც და გამოსავალიც. სწორედ ამ ნამღერზე, შუბერტის კომპოზიციების და ბეკეტის დიდებულ სიჩუმეში გათამაშებული მარენის დრამა 2019 წლის ფესტივალს გახსნის.
  
 
მაგი მარენი
 
მსოფლიოში აღიარებული ფრანგი ქორეოგრაფი მაგი მარენი 1951 წელს დაიბადა ტულუზში, ესპანელელი რესპუბლიკელების ოჯახში, რომელიც 1938 წელს გენერალ ფრანკოს რეჟიმს გამოექცა საფრანგეთში. ტულუზის საბალეტო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის ბეჟარის ნეოკლასიკური ცეკვის სკოლაში „მურდა“ დახელოვნდა და ბეჟარის ცნობილ დასს Ballet du XXe Siècle შეუერთდა ბრიუსელში. მაგრამ, დიდი ქორეოგრაფის საყვარელი მოცეკვავე პედაგოგს მალე დაშორდა და 1970-იანი წლების თანამედროვე ფრანგული ცეკვის ახალ ტალღას შეუერთდა უკვე როგორც ქორეოგრაფი.
 
alt 
 
მარენი თავიდანვე რადიკალურად განსხვავებული ცეკვის სტილით გამოირჩეოდა. მისი დასი, ცეკვაში დაწესებული ყველა არსებული ნორმის მიღმა,  სოციალური პროტესტის გამოსახატად ცეკვავდა. პირველივე დამოუკიდებელი ნამუშევრებით ის მკაფიოდ განსხვავდებოდა ფრანგი კოლეგებისგან განსაკუთრებული ქორეოგრაფიული ელემენტებით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა ადამიანების ხმები, საგნების  ჟღერადობა და მუსიკა. ყოველივე ეს ისეთ თეატრალურ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც მოცეკვავეების ფიზიკური და ესთეტიკური წარმოდგენა სხეულის ყველაზე ინტიმური, დაფარული და გაუთვალისწინებელი ჟესტებისა და მოძრაობის საიდუმლოს ხსნის. ფაქტია, რომ მარენის დასი ყოველთვის გარკვეულ გავლენას ახდენდა გარშემო მყოფ საზოგადოებასა და გარემოზე. ის იკვლევდა საემიგრაციო საკითხებს, არალეგალების უფლებებს, ხაზგასმით მსჯელობდა მსოფლიოს ბედზე და რეალური ცვლილებების გადაუდებელ აუცილებლობაზე.
 
 
 
1984 წელს მარენმა თავისი კომპანია დაარსა პარიზში, რომელიც მალე ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრად გადაიქცა ვალ დე მარნში და, ასევე, ხელმძღვანელობდა ლიონის Rillieux-la-Pape ცეკვის ეროვნულ ცენტრს (1998). მათ პირველივე წლებიდან გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს პოლიტიკურად აქტუალური წარმოდგენებით, ინოვაციებითა და ქორეოგრაფიული ესთეტიკით. დღეს მაგი მარენი რამდამის ხელოვნების ცენტრს უდგას სათავეში და, მორის ბეჟარის, რუდლოფ ნურიევის და თავად სემუელ ბეკეტის საყვარელი ქორეოგრაფი, ფესტივალს „საჩუქარი“ თავისი საკულტო წარმოდგენით ესტუმრება.
 

შემოგვიერთდი Facebook-ზე